თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა პატივი მიაგო 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, რომელსაც ორი წლის წინ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება მერიის პრესსამსახური.
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 11 ადამიანიდან მხოლოდ ორი გადარჩა, 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო.
„ორი წლის წინ, 26 მაისის ქუჩაზე უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, რომელიც ჩვენს ქალაქს ყოველთვის ემახსოვრება. კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მიმდინარე წლის მაისიდან ტრაგედიის ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც 56 დაზარალებული ოჯახი მიიღებს ბინას.
ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 8 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები 2024 წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს. ახალ საცხოვრებელ კორპუსში ბინებს მიიღებს ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა ოჯახი.
საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის მიზეზი გახდა გულგრილობა – პირველი სართულის ბინის მფლობელმა სივრცის გაფართოების მიზნით მუშებს მზიდი კედლის მოშლა დაავალა.
სასამართლომ ბინის მფლობელს – ზაურ ბუდაგოვს ოთხი წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მუშებს – ჰუსეინ და გიორგი სურმანიძეებს – სამ-სამი წლით პატიმრობა. ისინი დამნაშავედ ცნეს „სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია“.