თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ეს იყო შეკრებების შესახებ კანონთან დაკავშირებით ხუმრობა და არავინ ელოდა, რომ ასეთი რეზონანსი მოჰყვებოდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარასკევს, 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელსაც ოპოზიციის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურის გვერდის ავლით - პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, პარლამენტის სტატუსისა და უფლებამოსილების შესახებ მუხლის შესაბამისად ამოქმედდება. ამან რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
„ძალიან პატარა ანკესი იყო გადაგდებული და ისეთი ადამიანები წამოეგნენ, მთელი ოპოზიციის სახელით რომ ლაპარაკობენ, წარმოუდგენელია. ასეთი ეფექტი თუ ექნებოდა ამ ხუმრობას, რომელიც წამიერად დაიგეგმა, ნამდვილად არ მეგონა", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხუმრობაზე რეაქციებმა აჩვენა, რომ პოლიტიკოსები ვერ ერკვევიან ვერც კონსტიტუციაში და ვერც იურისპრუდენციაში.
სკანდალური პროექტი
5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომლის თანახმად, საქართველოში საპროტესტო აქციებზე ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. ცვლილებების ინიცირება სუსის განცხადების შემდეგ მოხდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები იგეგმება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არეულობები მზადდება.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
შესწორებები ითვალისწინებს აქციებზე ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვას, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის.
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მხოლოდ პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას განსაზღვროს, როდის აზიანებს ასეთი თავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
ამასთან, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები არის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, იგი ასევე ზღუდავს აზრის გამოხატვას.
მისი აზრით, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.
საქართველოს პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს უფლებას, შესაბამისად, პროექტი პარლამენტს შენიშვნებით დაუბრუნდება.