თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საელჩო ისრაელში ქვეყანაში მყოფ თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში უსაფრთხოების წესებს შეახსენებს.
შაბათს დილით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 5 ათასზე მეტი რაკეტა გაისროლეს, 22 ადამიანი დაიღუპა ისრაელზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ისრაელის არმიამ ქვეყნის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო. ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე (აშკელონიდან შდეროთი, ბეერ შევა, თელ-ავივის ჩათვლით).
ვრცელდება ინფორმაცია ისრაელის სასაზღვრო რაიონებში ბოევიკების შეჭრის შესახებ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 545 ადამიანი დაშავდა.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ის აცხადებს, რომ საქართველოს საელჩო ისრაელში ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან.
„ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საელჩო შეახსენებს თანამემამულეებს განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში უსაფრთხოების წესებს:
შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;
შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
ავტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.
გარდა ამისა, საელჩო მოუწოდებს ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფ პირებს, თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.
მოქალაქეებმა თვალყური უნდა ადევნონ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ლინკზე.
მოქმედებს ცხელი ხაზი: +972 526 919092; +972 528 888513; +972 547 386813.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 998 მოქალაქეა რეგისტრირებული.