საქართველოს პარლამენტში ვიცე-სპიკერების რაოდენობა გაიზრდება

ამჟამად პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდამდე იზრდება - ამას რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
პარლამენტის სამ ვიცე-სპიკერს საპარლამენტო უმრავლესობით აირჩევენ, ხოლო სამს - ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებიდან.
რეგლამენტის თანახმად, კიდევ ერთ, პირველ ვიცე-სპიკერს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
ამჟამად პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული. უმრავლესობიდან ვიცე-სპიკერები არიან არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო, ხოლო ოპოზიციიდან - „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე.
საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება. ამ თანამდებობას იკავებდა ლევან იოსელიანი, რომელმაც პარლამენტი დატოვა და სახალხო დამცველის პოსტი დაიკავა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა, მაგრამ უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა.
დღეისათვის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერია გია ვოლსკი.
ვიცე-სპიკერების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში საპარლამენტო ხარჯებიც გაიზრდება. რიგითი დეპუტატის ანაზღაურება, რომელსაც არავითარი თანამდებობა არ უკავია, 4624 ლარია, ვიცე-სპიკერის – 6340 ლარი, პირველი ვიცე-სპიკერის – 6400 ლარი.