თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. მომავალ წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024 მასპინძელი ქვეყანა იქნება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და ცალკე დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ. Buyer) ორგანიზაციის წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის 150-მდე წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირები ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე მოწინავე ორგანიზაციებთან.
ზაფხულში საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ფორუმს „აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად". ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ განაპირობა, რომ 2024 წელს საქართველოში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.
ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა ერთხმად მიიღო, აღნიშნულია ინფორმაციაში.