თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. რესპირატორული დაავადებების გააქტიურების სეზონზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა რისკის ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაცია, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
რისკ-ჯგუფში შედიან, პირველ რიგში, ორსულები, მოხუცები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პაციენტები, აივ-ინფექციის მქონე პირები. მათ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება უფასოდ შეუძლიათ.
„ამ ადამიანებს უნდა შევახსენოთ, რომ ოქტომბრის ბოლო გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდია, რადგან ის გრიპისგან ექვსი თვით გვიცავს. ექვსი თვე სწორედ ის პერიოდია, როდესაც გრიპის ვირუსის გააქტიურებას ველოდებით", – განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, ჩხაიძემ განმარტა, რომ როდესაც საუბარია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, არ იგულისხმება მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია. აცრის მიზანი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების დაცვაა შესაძლო გართულებებისგან.
„საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა შორის გართულების, ჰოსპიტალიზაციის, ლეტალური შედეგის ალბათობა უფრო მაღალია. გრიპისგან გარდაცვალების შემთხვევები ყოველ წელს ფიქსირდება და ესაა ვირუსი, რომელსაც მძიმე მიმდინარეობა შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ადამიანებში. ამიტომ რისკ-ჯგუფებისთვის 200 ათასი დოზაა გამოყოფილი", – აღნიშნა ჩხაიძემ.
სწორედ ამიტომ ვაქცინის რაოდენობა შეზღუდულია და საქართველოს მიზანი არაა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, როგორც ეს კორონავირუსის დროს იყო.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება. რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონის მოახლოებასთან ერთად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო 200 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა. ამდენივე იყიდა სამინისტრომ გასულ წელსაც.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ პრეპარატის უმეტესობა არ იყო ათვისებული. შემდეგ წლებში საქართველომ 200 ათასი დოზა ვაქცინის შესყიდვა დაიწყო.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.