მსოფლიო დღეს

რატომ უნდა ამოიღოთ სიბრძნის კბილი ადრეულ ასაკში: ამერიკული კვლევა

Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სიბრძნის კბილები ნეგატიურ გავლენას ახდენს გემოს შეგრძნებაზე, მათი ამოღების შემდეგ ადამიანი გემოებს უკეთ აღიქვამს, წერს გამოცემა Science Times ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით.
პენსილვანიის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური მედიცინის სკოლის სწავლულებმა პროფესორ რიჩარდ დოტის ხელმძღვანელობით კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 1255 კაცი მონაწილეობდა. მათგან 891-ს სიბრძნის კბილები ამოღებული ჰქონდა.
დოტი და მისი კოლეგები ახალი ექსპერიმენტის მონაწილეებს გასასინჯად საქაროზის, ნატრიუმის ქლორიდის (სუფრის მარილის), ლიმონმჟავასა და კოფეინის ხსნარებს აძლევდნენ და ავალებდნენ, აღეწერათ მათი გემო − რამდენად ტკბილი, მლაშე, მჟავე თუ მწარე იყო თითოეული ხსნარი.
აღმოჩნდა, რომ:
ის ადამიანები, რომლებსაც სიბრძნის კბილები ამოღებული ჰქონდათ, ბევრად კარგად უმკლავდებოდნენ დავალებას;
ამასთან, ქალები უკეთ ართმევდნენ თავს ამოცანას, ვიდრე მამაკაცები;
რაც უფრო ადრეულ ასაკში ჰქონდა ამოღებული სიბრძნის კბილი საკვლევ პირს, მით უკეთ შეეძლო გემოს განსაზღვრა.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიბრძნის კბილის ამოღება საშუალოდ 3-10%-ით აუმჯობესებს გემოს რეცეპტორების შეგრძნებას.

„ეს გასაოცარი, საინტერესო შედეგია, რომელიც შემდგომ შესწავლას იმსახურებს, რათა დადგინდეს, რატომ უმჯობესდება გემო და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კლინიკური თვალსაზრისით“, – წერს პროფესორი დოტი.

მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სიბრძნის კბილის პულპიდან აღებული ღეროვანი უჯრედები შეიძლება გარდაიქმნას უჯრედებად, რომლებიც თვალის რქოვანას უჯრედების იდენტურია. ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ ეს აღმოჩენა დაბრმავებისგან იხსნის უამრავ პაციენტს.