თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ნატოს წევრი ქვეყნებისთვის აუცილებელია, რომ ყურადღებით დააკვირდნენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, ალიანსი აპირებს სწრაფი რეაგირების ძალების განთავსებას იმ მიმართულებებით, სადაც აგრესიის ალბათობა ყველაზე მაღალია, განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა პოლონურ სააგენტო PAP-თან ინტერვიუში.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საფრთხის ქვეშ მყოფი მიმართულებები: აღმოსავლეთი ფლანგი, უკიდურესი ჩრდილოეთი, ასევე ატლანტის ოკეანე. რუსები ყველგან არიან: აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვაში, კოსმოსსა და კიბერსივრცეში. ყველა მიმართულებას მუდმივად უნდა აკონტროლებდეს ალიანსის დაზვერვა“, — განაცხადა ბაუერმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნატო მხოლოდ ერთი მიმართულებით იქნება კონცენტრირებული, „რუსები მეორე მიმართულებით განახორციელებენ თავდასხმას“.
როგორც ბაუერმა განმარტა, ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემდეგი ნაბიჯი ალიანსის ძალების ცალკეულ რეგიონებში განაწილება იქნება.
„რაც ახალია, ეს ისაა, რომ სწრაფი რეაგირების 300.000-იანი ძალები მზად იქნება 30 დღეში“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ ალიანსი, ამა თუ იმ რეგიონში საფრთხის გაზრდის შემთხვევაში, იქ ბრიგადას, დივიზიას ან კორპუსს გაგზავნის მოკავშირეთა „ეფექტური თავდაცვითი ოპერაციის ჩასატარებლად“.
ბაუერმა დააზუსტა, რომ ნატო რუსეთის აღმოსავლეთ ფლანგზე შეჭრის სცენარს 2024 წლის სამხედრო წვრთნა Steadfast Defender-ის ფარგლებში დაამუშავებს, რომელშიც ალიანსის დაახლოებით 40 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, და რომელიც „ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება ცივი ომის შემდეგ“.
სწავლება Steadfast Defender მომავალ წელს გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩატარდება. როგორც მანამდე წერდა გაზეთი Financial Times, მანევრების მიზანი ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის მოგერიება იქნება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ალიანსის წვრთნები „რუსეთზე თავდასხმისთვის ვარჯიშია“.
წყარო: PAP