თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ოპოზიცია არ არის სტანდარტული ოპოზიცია, ეს არის პოპულისტური, რადიკალური, ექსტრემისტული ძალა, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებს ტყუილში, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ასე გამოეხმაურა კობახიძე ოპოზიციის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მესამე სამიტის ფარგლებში, რომელიც გრანადაში იმართება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დადასტურება, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ოპოზიციამ პრემიერის განცხადებას სიცრუე უწოდა.
„ისინი არ არიან სტანდარტული ოპოზიცია, ისინი არიან პოპულისტური, რადიკალური, ექსტრემისტული ძალა და ეს ასე უნდა თქვან. ამბობენ, ხან პრემიერი იტყუება, ხან მე, ხან სხვა. რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს მათი ნარატივია. რაც არ უნდა იცოდნენ, ამბობენ, რომ ვიტყუებით. სიმართლე რაც არის, ამაზე ისაუბრა პრემიერმა. ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი პროცესებს და სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.