კალანდარიშვილი: ცესკო მზად არის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის

საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. ორშაბათიდან კი, 9 ოქტომბრიდან ქვეყანაში იწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია – როგორ მივცეთ ხმა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია, თავის მხრივ, სრულად არის მზად 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატაროს", – განაცხადა კალანდარიშვილმა ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად გაიმართება ხალხმრავალ ადგილებში – მეტროს სადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებსა და სავაჭრო ცენტრებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში.
„მოქალაქეებს პირადად შეუძლიათ ნახონ და პრაქტიკაში გამოსცადონ, როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამავე მიზნით უკვე მომზადდა საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები, რომლებიც განთავსდება როგორც მედიაში, ისე კინოთეატრებსა და იუსტიციის სახლებში. დარიგდება საინფორმაციო ბროშურები", – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ელექტრონული არჩევნები: ამომრჩევლები პრაქტიკის გავლას მეტროს სადგურებში შეძლებენ>>>
გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს აანონსებს. ცესკოს ვებ-გვერდზე უკვე შეიქმნა და განთავსებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც ნებისმიერ პირს შეუძლია ონლაინ მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს, როგორ უნდა მისცეს ხმა ელექტრონული აპარატების გამოყენებით.
„გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს: გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მიიღეთ მონაწილეობა ხალხმრავალ ადგილებში გამართულ იმიტირებულ კენჭისყრაში, გაეცანით საარჩევნო სიახლეებსა და პროცედურებს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამომრჩევლების ინფორმირებას", – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
არჩევნები ახლებურად
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული არჩევნები: ოპოზიციაში შესაძლო რისკებზე ალაპარაკდნენ>>>
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.