თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებთან „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე მიიღებს კანონს საპენსიო სიახლის გადავადების შესახებ, რომლის მიხედვითაც დაგროვებითი საპენსიო სისტემის ყველა მონაწილე 2028 წლის 1 იანვრამდე შეინარჩუნებს დაბალი საინვესტიციო რისკის მქონე პორტფელს.
„მიმდინარე რეფორმები, არსებული პროგრესი და გამოწვევები იყო საინვესტიციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის მთავარი თემები. ეროვნული ბანკი, როგორც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველი, პერიოდულად იღებს ინფორმაციას საბჭოს წევრებისგან“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეს იყო რიგითი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა გახდეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა უფრო ეფექტური.
საპენსიო სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია საპენსიო დანაზოგების და მათი ინვესტიციების ეფექტური მართვა და დაცვა საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად. საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგს მართავს კვალიფიციური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, ზედამხედველობასა და რეგულირებას კი ეროვნული ბანკი ახორციელებს.
საპენსიო სიახლე
6 აგვისტოს სიახლის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს 6 სექტემბრამდე ეძლეოდათ საშუალება, თავად აერჩიათ საკუთარი საინვესტიციო პორტფელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სქემა ამუშავდებოდა: 40 წლამდე – მზარდი საინვესტიციო პორტფელი, რომელიც მაღალ რისკთან არის დაკავშირებული; 40-დან 50 წლამდე – შერეული, ანუ საშუალო რისკით; 50 წელი და ზემოთ – სტაბილური საინვესტიციო პორტფელი დაბალი რისკით.
მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული, საპენსიო დანაზოგების პორტფელის შეცვლის სურვილი 25 აგვისტოსთვის მხოლოდ 4 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა.
მოსახლეობის ნაწილმა, ისევე, როგორც ოპოზიციამ, უკმაყოფილება გამოთქვა სიახლესთან დაკავშირებით, მათ საპენსიო სააგენტოს მოქალაქეების არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო უსაყვედურეს. უკმაყოფილება გამოიწვია იმანაც, რომ შესაბამისი რისკის მქონე პორტფელის ონლაინ-არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, საიტი შეფერხებით მუშაობდა, ხოლო ონლაინ განაცხადის გასაკეთებლად ელექტრონული ხელმოწერაც იყო საჭირო.
რაც შეეხება იუსტიციის სახლებში ვიზიტებს, რიგების გამო არცთუ ისე ადვილი იყო ადგილზე რისკის პორტფელის საკითხის გადაჭრა, ამიტომ ბევრი უბრალოდ დროულად ვერ შეძლებდა ზომების მიღებას თავის დანაზოგებთან დაკავშირებით.
ამ პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს აქტივების განაწილებაში, რაც თავის მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაში განსხვავებულ შემოსავალს უკავშირდება.
ამავდროულად, არცერთი პორტფელი არ ითვალისწინებს დანაზოგის დაკარგვას და განსხვავდება მხოლოდ საპენსიო აქტივების ზრდის ტემპით. ამასთან, საპენსიო სქემაში ჩართულ მონაწილეებს უფლება აქვთ წელიწადში ერთხელ შეცვალონ საინვესტიციო კატეგორიები.
საპენსიო სქემა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ამ დრომდე საპენსიო დანაზოგები განთავსებული იყო საბანკო დეპოზიტებსა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულება, 30 ივნისის მდგომარეობით, 3,63 მილიარდი დოლარი იყო.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.