ბათუმი „ღვინის დღეების" მასპინძლობისთვის ემზადება

გასული წლის მსგავსად, ფესტივალი „ღვინის დღეები“ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში ფესტივალი „ღვინის დღეები“ 7 ოქტომბერს კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს რეგიონებში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ 7-დან 15 ოქტომბრამდე ჩათვლით პერიოდში იმართება.
აჭარის დედაქალაქში ფესტივალი 14:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიების სტუმრებს დატვირთული პროგრამა ელოდებათ – ქართული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები, აჭარული სამზარეულო. ფესტივალი გალა-კონცერტით დასრულდება, რომელშიც ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, სალომე ბაკურაძე და სხვა ცნობილი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
ოქტომბერში გაიმართება „ღვინის დღეები საქართველოში">>>
ფესტივალი „ღვინის დღეები“, გასული წლის მსგავსად, ჩატარდება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში: თბილისი, თელავი, ქუთაისი, გორი, მარნეული, მცხეთა, ყვარელი, ჩოხატაური, ახმეტა, თერჯოლა, ახალციხე, დედოფლისწყარო, ოზურგეთი, სიღნაღი, მარტვილი, საგარეჯო, ბოლნისი, ლაგოდეხი, ზესტაფონი, გურჯაანი, ბაღდათი და ზუგდიდი.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.