თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის.
„როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას. შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მხოლოდ პოლიციას აძლევს უფლებამოსილებას განსაზღვროს, როდის აზიანებს ასეთი თავისუფლება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
ამასთან, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები არის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, იგი ასევე ზღუდავს აზრის გამოხატვას.
მისი აზრით, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება.
როდის იმოქმედებს კანონი
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.
აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.