ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში გასტრონომიული ტურიზმის ფორუმში მონაწილეობს

ფორუმის მონაწილეები ეცნობიან ქართულ ტურისტულ პროდუქტებს, კულინარიულ და ღვინის ტურისტულ მიმართულებებს.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში გასტრონომიული ტურიზმის ფორუმში იღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასტრონომიული ტურიზმის რიგით მე-8 ფორუმი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. ფორუმის მხარდამჭერია ბასკეთის კულინარიული სკოლა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, ფორუმზე განიხილება კავშირი სოფლის მეურნეობას, გასტრონომიასა და ტურიზმს შორის.

„საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს – მსოფლიოში ადგილი დაიმკვიდროს, როგორც გასტრონომიული, ტურისტული პროდუქტების ერთ-ერთმა მოწინავე ქვეყანამ. ამ მიზნით ჩვენ ესპანეთში, ბასკეთში ვეცნობით მათ კულტურას, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე სასურველ მიმართულებად", – აღნიშნა ომიაძემ.

სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს პანელური სესიები და პრეზენტაციები. ფორუმის ფარგლებში განიხილება ურთიერთკავშირი სოფლის მეურნეობასა და ტურიზმს შორის, გასტრონომიული მარშრუტები და სხვა საკითხები, ასევე იმართება ტექნიკური ვიზიტები გასტროტურიზმის ობიექტებზე.
უწყების ცნობით, გამოცდილების გაზიარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს ხვდებიან.