თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, რომელთა თანახმადაც საპროტესტო აქციებზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც საპროტესტო აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობის შესახებ ნორმების გამკაცრებას ითვალისწინებს. ამას წინ უძღოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადება, რომ ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. განცხადების თანახმად, არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
აქციის ჩატარების ტერიტორიაზე იარაღის, ასაფეთქებელი და ადვილად აალებადი ნივთიერებების ტარების, გარშემომყოფთათვის სახიფათო საგნების და ნივთიერებების, ალკოჰოლის და გზების გადაკეტვის აკრძალვას დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაც დაემატება.
ინიცირებული პროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟის პროცედურაზე ვრცელდება იგივე წესები, როგორც გზის უკანონოდ გადაკეტვისას. კერძოდ, სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებს მოეთხოვებათ გააფრთხილონ აქციის მონაწილეები კონსტრუქციის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ, ხოლო აქციის ორგანიზატორებს მოეთხოვებათ აღნიშნული საკითხი 15 წუთში მოაგვარონ. ამის შემდეგ პოლიციას ექნება უფლება მიიღოს კანონით დადგენილი ზომები წესრიგის აღსადგენად.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც პოლიციას სადავო ნივთის ჩამორთმევის უფლებას ანიჭებს.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.