თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პენსიონერმა ცოლ-ქმარმა, ავსტრალიელმა მარტი და ჯეს ანსენებმა შესანიშნავი გზა იპოვეს თანხის დასაზოგად და კომფორტული ცხოვრების მოსაწყობად — ისინი უკვე 500 დღეა, რაც მდიდრული საკრუიზო გემით მოგზაურობენ და აცხადებენ, რომ ეს უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე მოხუცთა სახლში ცხოვრება დაუჯდებოდათ.
როგორც ირკვევა, პენსიონერები ლაინერის დატოვებას კიდევ დაახლოებით ერთი წელი არ აპირებენ. საქმე ისაა, რომ მათ ზედიზედ 51 კრუიზი აქვთ დაჯავშნული, რაც მსოფლიოს გარშემო ორწლიან განუწყვეტელ მოგზაურობას ნიშნავს.
მარტი და ჯესი ლაინერის ბორტზე პირველად 2022 წლის 16 ივნისს ავიდნენ — მას შემდეგ, რაც ორი წელი გაატარეს მკაცრ კოვიდ-კარანტინში. სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, რომ კრუიზები ცხოვრების წესად ექციათ.
2000 მგზავრზე გათვლილ ხომალდზე პენსიონერ ცოლ-ქმარს იმაზე მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე ეკიპაჟის უმეტესობას, კაპიტნების ჩათვლით. ლაინერზე მათ ყველა იცნობს, ვინაიდან ერთგვარი ადგილობრივი ვარსკვლავები არიან.
რაც შეეხება ოჯახს, მარტი და ჯესი შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს მაშინ ხვდებიან, როცა გემი მათ სახლებთან ახლოს მდებარე პორტებში შედის.
ანსენებს მიაჩნიათ, რომ მათი ცხოვრება საკრუიზო ლაინერზე უბრალოდ მშვენიერია, რადგან, გარდა იმისა, რომ უამრავ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა, ყოველთვის შეუძლიათ შოუებზე დასწრება, ცეკვებზე ან რესტორანში წასვლა.
მათი თქმით, ლაინერზე ცხოვრების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ყოველდღიური საქმეების გაკეთება არ უწევთ — იქნება ეს ლოგინის გასწორება, დალაგება, პროდუქტის საყიდლად სიარული, კერძების მომზადება, ჭურჭლის რეცხვა თუ სხვა. ამ ყველაფერს ლაინერის სპეციალურად მომზადებული პერსონალი აკეთებს, ცოლ-ქმარი კი მხოლოდ სიცოცხლით ტკბება.
პენსიონერი წყვილის მოგზაურობა 2024 წლის ივნისში დასრულდება, თუმცა ენსენები ნაპირზე გადასვლას არ აპირებენ. ისინი სხვა, უფრო დიდ საკრუიზო ლაინერზე გადანაცვლებასა და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გეგმავენ — კიდევ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.