თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში მარტის აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი დააკავეს პარლამენტის შენობასთან, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ, იუწყებიან მოძრაობა „ტალღის“ წევრები.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია ბექა გრიგორიადისის ძმა.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის. ცვლილებების ინიცირება სუსის განცხადების შემდეგ მოხდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები იგეგმება.
გრიგორიადისების დაკავება პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა. შსს-ს დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქტივისტები უფრო მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ, თუ დეპუტატები კანონპროექტს დღეს საღამოს მესამე მოსმენით განიხილავენ.
რამდენიმე თვის წინ პარლამენტის შენობასთან კარავი თავად ბექა გრიგორიადისმა გაშალა. ის შვილისთვის სამართლიან სასჯელს ითხოვდა, რაც, მისი თქმით, დღევანდელი სასამართლო სისტემის პირობებში შეუძლებელია.
ლაზარე გრიგორიადისის სახელი თბილისში მარტში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება. გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს მან პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ესროლა, ასევე მან დაწვა შსს-ს მანქანა. დაკავებულს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სექტემბრის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც მამაზე ძალადობაში იყო ბრალდებული, წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.