„მჯერა, რომ ევროკავშირში გაიმარჯვებს საღი აზრი, გონივრულობა და წინდახედულობა. ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც გასულ წელს დაუშვა, როცა საქართველო, ასე ვთქვათ, დაჩაგრეს, უსამართლოდ მოექცნენ", – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, ერთი მხრივ, ეს გვაძლევს ოპტიმიზმისა და იმედის საფუძველს, მეორე მხრივ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს არანაირი მოკლე გზა. ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი", – განაცხადა პრემიერმა.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ქვეყნის განვითარება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, რაც მნიშვნელოვანია და, რაც მთავარია, უსაფრთხოების საკითხები", – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ უსამართლობას და ასეთ მჩაგვრელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით, ამაზე ჩვენ გვექნება და გვაქვს ძალიან პრინციპული საუბარი ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგასთან. ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება", – განაცხადა პრემიერმა.