თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და „რადიკალური ოპოზიცია“, რომელიც რევოლუციურ პროცესებს გეგმავს, ალიანსში არიან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე.
სხდომაზე პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ატარებდა შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან.
„მინდა, დამიდასტუროთ, რომ ამისთვის დაიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა, პრეზიდენტის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამისთვის ითხოვთ“, - მიმართა ჩუგოშვილმა კობახიძეს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც რევოლუციურ პროცესებს გეგმავს, არიან ალიანსში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით... თქვენ ხომ იკითხეთ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ რა პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის სამარცხვინო“, - განაცხადა კობახიძემ.
ურთიერთობები მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის მარტიდან მკვეთრად გაუარესდა – დაძაბულიდან ის ნამდვილ კონფლიქტში გადაიზარდა. მარტში სახელმწიფოს მეთაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო გასულ წელს არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და დღესაც ევროკავშირის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება.
„ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება კონსტიტუციის არა მხოლოდ 52-ე მუხლს, პირველ რიგში, 78-ე მუხლს.
„იმპიჩმენტის აღძვრის მიზანი იყო სამართლებრივი. თქვენ ხომ იკითხეთ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ რა პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს... სამარცხვინო ქალბატონია მეთქი თქვენი პრეზიდენტი “, - მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.