თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" ორიენტირებულია ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე და არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს მშვიდობიან შეკრებებსა და მანიფესტაციებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გივი მიქანაძემ.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის. ცვლილებების ინიცირება სუსის განცხადების შემდეგ მოხდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები იგეგმება.
„ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი... წარმოდგენილი პროექტი საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული. უფრო მეტ ღირებულებაზე, ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე არის ორიენტირებული... პროექტი არანაირად არ ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას და არანაირად არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას", – განაცხადა მიქანაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, განხილვის დროს კანონპროექტის ინიციატორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული წინადადებებიც კი წარმოადგინეს, რომლებიც OSCE/ODHIR-ის დასკვნებს შეესაბამება ამ საკითხთან დაკავშირებით.
შესწორებების წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოდიან. კანონპროექტი სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც გააკრიტიკა და განაცხადა, შესწორებები სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, ასევე აზრის გამოხატვის შეზღუდვაა.
რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ინიცირებული პროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.
აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.