თბილისში ავტომობილების გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ექვსი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტოსადგომზე ექვსი მანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.