თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს პროგრესს და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობებს გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან.
„მას შემდეგ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ვიმედოვნებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ მიღწეული შესამჩნევი პროგრესი შესაბამისად იქნება აღიარებული", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
როგორც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.