თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირები ერთმანეთს თურქეთში საიდუმლო მოლაპარაკებებზე შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის პრობლემებზე სასაუბროდ, იუწყება Politico წყაროებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, მოლაპარაკებები ყარაბაღში აზერბაიჯანის „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე — 17 სექტემბერს გაიმართა. შეხვედრის მიზანი აზერბაიჯანზე გავლენის მოხდენა იყო, რათა მას ანკლავის ცხრათვიანი ბლოკადა შეეწყვიტა და სომხეთიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება გაეტარებინა. თუმცა, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.
„ეს შეხვედრა იყო მოსკოვსა და დასავლეთს შორის უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემაზე კონტაქტის იშვიათი, თუმცა, საბოლოო ჯამში, უშედეგო მაგალითი“, — წერს გამოცემა.
არსებული ცნობით, შეხვედრაზე აშშ-ს ლუი ბონო წარმოადგენდა — ვაშინგტონის უფროსი მრჩეველი კავკასიის საკითხებში; ევროკავშირს — ტოივო კლაარი, რეგიონში მისი წარმომადგენელი, ხოლო რუსეთს — იგორ ხოვაევი, პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების საკითხებში.
როგორც Politico წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარი უთხრა კომენტარზე და განაცხადა, რომ ისინი „კერძო დიპლომატიურ დისკუსიებზე კომენტარს არ აკეთებენ“.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით. 20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ზავის ერთ-ერთი პირობა იყო სომხური ძალების განიარაღება და ყარაბაღიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა. საბოლოოდ, 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შახრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს.
წყარო: Politico