მკვლელობა კახეთში - სამართალდამცველებმა დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ სოფელ ჭიკაანში 47 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყვარლის რაიონში განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს, განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ქუთათელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს, ღამის საათებში ყვარლის რაიონში დაცვის პოლიციის ინსპექტორი ნაცნობ პირებთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო კიდევ ერთმა სხეულის დაზიანება მიიღო.

„განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახედ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – განაცხადა ლევან ქუთათელაძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი უკვე ამოიღეს.
ყვარელში ყოფილმა პოლიციელმა მამაკაცი მოკლა>>
ქუთათელაძის თქმით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.