გენები პასუხისმგებელია ადამიანის თანდაყოლილ თვისებებზე, ფსიქოტიპსა და ჯანმრთელობაზე. გენები პროგრამებს, უმეტესწილად, გადასცემს არა მომდევნო, არამედ ერთის მერე თაობას, ანუ თქვენი გენები ექნებათ არა თქვენს შვილებს, არამედ თქვენს შვილიშვილებს; თქვენს შვილებს კი თქვენი მშობლების გენები აქვთ.
გენები განსაზღვრავს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ თვისებებს; გენები „გვამცნობს“, რომ ჩვენ, როგორც ადამიანებს, არ შეგვიძლია ფრენა და წყლის ქვეშ სუნთქვა, მაგრამ შეგვიძლია ადამიანური მეტყველებისა და წერის სწავლა. ბიჭები უკეთ ორიენტირებენ საგნობრივ სამყაროში, გოგონები — ურთიერთობების სამყაროში. ვიღაც აბსოლუტური მუსიკალური სმენით დაიბადა, ვიღაც — აბსოლუტური მეხსიერებით, ხოლო ვიღაც — ჩვეულებრივი, საშუალო შესაძლებლობებით.
სხვათა შორის, ეს მშობლების ასაკზეცაა დამოკიდებული – მშობლების საშუალო ასაკი, რომლებსაც გენიალური ბავშვები უჩნდებათ, ასეთია: დედა — 27 წლის, მამა — 38-ის.
გენები განსაზღვრავს ჩვენს ბევრ ხასიათის ნიშანსა და მიდრეკილებას. მაგალითად, ბიჭებისთვის ესაა მანქანებით და არა თოჯინებით თამაში. გენები მოქმედებს ჩვენს ინდივიდუალურ წინასწარ განწყობებზე, მათ შორის დაავადებებთან, ასოციალურ ქცევასთან, ფიზიკურ ან ინტელექტუალურ საქმიანობასთან მიმართებით და ა.შ.
ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: მიდრეკილება (განწყობა) უბიძგებს ადამიანს, მაგრამ მის ქცევას არ განსაზღვრავს. მიდრეკილებაზე პასუხისმგებელია გენები, ქცევაზე — ადამიანი. მიდრეკილებებზე მუშაობა შესაძლებელია — რაღაც უნდა განვავითაროთ, რაღაც — უყურადღებოდ დავტოვოთ, რაღაც — შევიყვაროთ, რაღაც — კუთხე-კუნჭულში მივმალოთ…
გენები განსაზღვრავს დროს, როდის გამოჩნდება ან არ გამოჩნდება ჩვენი ნიჭი ან მიდრეკილება.
თუ იღბლიან დროს დაემთხვა, როცა გენები მზადაა — საოცრებას გააკეთებ, თუ დროს ასცდი — საოცრებას გვერდით ჩაუვლი.
გენები განსაზღვრავს, როდის იღვიძებს ჩვენში სქესობრივი ლტოლვა და როდის იძინებს. გენები მოქმედებს ბედნიერებაზეც და ხასიათის ნიშნებზეც.
ედინბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა 900-ზე მეტი ტყუპის მონაცემები გააანალიზეს და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ არსებობს ისეთი გენები, რომლებიც განსაზღვრავს ხასიათის ნიშნებს, მიდრეკილებას ბედნიერებისადმი, სტრესის მსუბუქად გადატანის უნარს.
აგრესიულობა და კეთილმოსურნეობა, გენიალურობა და ჭკუასუსტობა, აუტიზმი ან ექსტრავერსია — ბავშვებს მშობლებისგან გადაეცემათ, როგორც უნარი. ეს ცვლილებას ექვემდებარება აღზრდით, მაგრამ სხვადასხვა ხარისხით, რადგან ეს უნარებიც სხვადასხვა ძალისაა. ბავშვის წვრთნა, ანუ ექვემდებარება თუ არა ის აღზრდას, ასევე გენეტიკას უკავშირდება. აქვე უნდა აღინიშნოს: ჯანმრთელი ბავშვები სრულებით ექვემდებარებიან წვრთნას. ადამიანური გენეტიკა ადამიანს აბსოლუტურად „წვრთნად“ არსებად აქცევს.
გენები ჩვენი შესაძლებლობების მატარებელია, მათ შორის ცვლილებებისა და სრულყოფის შესაძლებლობების. საინტერესოა, რომ მამაკაცებსა და ქალებს ამ მხრივ სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნიათ: მამაკაცთა შორის უფრო მეტია ისეთი, ვინც იქნება ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი, ძალიან ჭკვიანი და პირიქით, ნიჭიერი და იდიოტი. ამასთან, თუ მამაკაცი ასეთი დაიბადა, მისთვის ამის შეცვლა ძალიან რთულია. მამაკაცი მიჯაჭვულია თავის გენოტიპზე, მისი ფენოტიპი (გენოტიპის გარეგნული გამოვლინება) ძნელად იცვლება.
ანუ, თუ გრძელი დაიბადე — გრძელი დარჩები, თუ ტანდაბალი ხარ, სპორტის საშუალებით 1-2 სანტიმეტრის მომატება შეგიძლია, მეტის — არა.
ქალებთან სხვაგვარი ვითარებაა. ქალები, უმეტესად, საშუალოდ ერთნაირები იბადებიან. მათ შორის ბიოლოგიური, გენეტიკური გადახრები ნაკლებია. უმეტესად, არიან საშუალო სიმაღლის, საშუალო ინტელექტის, საშუალო წესიერების; იდიოტი და „ჩამორჩენილი“ ქალებს შორის უფრო ნაკლებია, ვიდრე მამაკაცებს შორის. მაგრამ ინტელექტუალური ან ზნეობრივი მიმართებითაც — ანალოგიურად, უფრო ნაკლებია.
როგორც ჩანს, ევოლუცია მამაკაცებზე ექსპერიმენტებს ატარებს, ქალებთან დაკავშირებით კი არ რისკავს და ქალებში ყველაფერ საიმედოს დებს. ამასთან, ქალებში ინდივიდუალური (ფენოტოპური) ცვალებადობა უფრო მაღალია: თუ გოგონა სხვებთან შედარებით პატარა დაიბადა, ის 2-5 სანტიმეტრით „დაგრძელებას“ შეძლებს. ქალებს საკუთარი გენოტიპისგან მეტი თავისუფლება, მამაკაცებთან შედარებით საკუთარი თავის შეცვლის მეტი შესაძლებლობა აქვთ.
თუ გოგონა სხვებთან შედარებით პატარა დაიბადა, ის 2-5 სანტიმეტრით „დაგრძელებას“ შეძლებს
გენები გვანიჭებს შესაძლებლობებს და იგივე გენები გვზღუდავს შესაძლებლობებში.
გენები განსაზღვრავს ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებს, მათ შორის, ჩვენი თავის შეცვლის, ზრდისა და განვითარებისკენ მისწრაფების შესაძლებლობებს. თუ გენებთან დაკავშირებით გაგიმართლათ და კარგი გენებით დაიბადეთ, კარგად აღიზარდეთ და მშობლებისა და პედაგოგების წყალობით განვითარებული და კარგი ადამიანი გამოხვედით, დიდი მადლობა მშობლებს. მაგრამ თუ გენებში არ გაგიმართლათ და, დავუშვათ, დაუნის სინდრომით დაიბადეთ, ყველაზე კარგ გარემოცვაშიც რომ გაიზარდოთ, იქნებით კარგად აღზრდილი, მაგრამ მაინც — ადამიანი დაუნის სინდრომით. ამ შემთხვევაში ჩვენები გენები — ჩვენი ბედია და ჩვენი გენების, შესაძლებლობების შეცვლა, პიროვნული ზრდა პირდაპირი გაგებით არ შეგვიძლია.
რამდენია ჩვენში გენეტიკური ჩადებული — სადავო საკითხია.
რაც უფრო სცილდება ადამიანი ცხოველურ სამყაროს, მით უფრო მეტია მასში შეძენილი. ჯერჯერობით უნდა ვაღიაროთ, რომ უმრავლესობაში დაბადებიდან მიღებული ძალიან ბევრია. საშუალოდ, გენეტიკოსების აზრით, გენები ადამიანის ქცევის 40%-ს განსაზღვრავს.
კარგ პირობებსა და კარგ აღმზრდელობით პროცესში შესაძლო ნეგატიური წინასწარი განწყობა შეიძლება არ გამოვლინდეს, ან კორექტირებული იყოს, ხოლო პოზიტიური, ხანდახან ფარული განწყობა — გამოვლინდეს. ხანდახან ადამიანმა, ბავშვმა, უბრალოდ არ იცის საკუთარი შესაძლებლობები და, აქედან გამომდინარე, კატეგორიულად თქმა, რომ „ამისგან არაფერი გამოვა“ — საშიშია.
მეორე საშიშროება რისკია — დროისა და ძალ-ღონის დახარჯვა ადამიანზე, რომლისგან მართლაც არაფერი გამოვა. ამბობენ, თითოეული შეიძლება გენიოსი გახდესო და თეორიულად ეს ასეა. თუმცა, პრაქტიკულად, ერთისთვის საამისოდ ოცდაათი წელია საკმარისი, მეორისთვის კი — სამასი. სპორტული მწვრთნელები ამტკიცებენ, რომ მომავალი ჩემპიონის მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტორია არა წვრთნის მეთოდიკა, არამედ — თანდაყოლილი ნიჭი.
თუ გოგონა წაბლისფერი თმით, მწვანე თვალებითა და სიმსუქნისკენ „წინასწარ განწყობით“, მიდრეკილებით დაიბადა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია თმის შეღებვა, თვალის ფერადი ლინზის გაკეთება, მაგრამ გოგონა მაინც მწვანეთვალება და წაბლისფერთმიანი დარჩება. აი, მისი „სიმსუქნისადმი განწყობა“ რამდენად „შეისხამს ხორცს“, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.
შეუძლია თუ არა ადამიანს, ოდესმე გადალახოს და გააუმჯობესოს თავისი გენეტიკა? ამ საკითხზე პასუხიც ყველასთვის საერთო არ არის, რადგან ესეც ინდივიდუალურად გენეტიკურად არის ჩადებული. მთავარია, რომ დღეს ვერცერთი სპეციალისტი ვერ გაგცემთ გარკვეულ პასუხს, პასუხს მხოლოდ თავად იპოვით, როგორც კი საკუთარ თავზე და მის შეცვლაზე დაიწყებთ მუშაობას.
გენები გვაძლევს შესაძლებლობას და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად განვახორციელებთ ჩვენს შესაძლებლობებს. თუ კარგი გენეტიკა გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ ის კიდევ უფრო კარგი გახადოთ და საკუთარ ბავშვებს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის სახით გადასცეთ.
გენები განსაზღვრავს ჩვენს მოცემულობას, შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს, მაგრამ არა — ბედს. გენები საქმიანობის საწყის ტერიტორიას განსაზღვრავს — ვიღაცას ის უფრო უკეთესი აქვს, ვიღაცას — უფრო რთული. მაგრამ რა იქნება ამ ბაზაზე გაკეთებული — ეს უკვე არა გენების, არამედ ადამიანებისა და მათთან მყოფი სხვა ადამიანების საზრუნავია.
ხშირად იჩენს პრობლემები ბავშვების აღზრდისას, მაგრამ ცუდი გენეტიკის შემთხვევაშიც, როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, გული არ უნდა გავიტეხოთ, რადგან ხარისხიანი აღზრდის შემთხვევაში ბავშვები, პრაქტიკულად, ნებისმიერი გენეტიკით ღირსეულ ადამიანებად ყალიბდებიან.
ჩვენ კი დავამატებთ ფრაზას დიდი აკაკის „გამზრდელიდან“: „მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?“ ხოლო რომელი გადაწონის – არჩევანი თქვენზეა…