თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა, ნათქვამია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია. დაზიანებულია შიდასასოფლო გზები. ჩამოშლილია მიწის მასები და რამდენიმე ადგილზე შეინიშნება მეწყრული პროცესები.
„8 სექტემბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული და შემდეგ დროებით აღდგენილი ხორეთი-ჩოჩხათის დამაკავშირებელი ხიდი წაღებულია. ხორეთის 150-მდე მოსახლე მოწყვეტილია გარე სამყაროს. ქვედა მამათში, სადაც დროებით აღვადგინეთ და გავაკეთეთ შემოვლითი გზა, ამ ეტაპზე ის წაღებულია", – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, რის შედეგადაც დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. რამდენიმე ადგილზე მიწის მასა ჩამოიშალა.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. დაზიანდა ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.