პრეზიდენტმა კითხვებს თავი აარიდა - სარჯველაძე სასამართლოში ზურაბიშვილის არყოფნაზე

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავი აარიდა პასუხს მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებულ კითხვაზე, როდესაც არ გამოცხადდა სასამართლო განხილვაზე, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" მიხეილ სარჯველაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. თავად ზურაბიშვილი სასამართლოს დარბაზში არ იმყოფება. მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.

„მთავარი საკითხი გახლავთ გარემოება, დაარღვია თუ არ დაარღვია პრეზიდენტმა კონსტიტუცია. ნათელია, რომ დარღვევას ადგილი აქვს. უმთავრესი მთელ ამ ამბავში გახლავთ ერთი რამ – პრეზიდენტმა არ დაიცვა და პატივი არ სცა კონსტიტუციას", – განაცხადა სარჯველაძემ.

დეპუტატის თქმით, ნაბიჯების გადადგმა მთავრობის ნების წინააღმდეგ არაკონსტიტუციური ჟესტია.
„ამაზე უნდა გაიცეს პასუხი – უნდა შეათანხმოს თუ არ უნდა შეათანხმოს (პრეზიდენტმა ვიზიტები). თუ უნდა შეათანხმოს, და ეს უდავოდ ასეა, მაშინ რატომ არ შეათანხმა? რად უღირდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა? აი, ეს არის პასუხის ვალდებულება, რომელსაც პრეზიდენტმა თავი აარიდა, როცა (საკონსტიტუციო სასამართლოში) არ გამოცხადდა", – განაცხადა სარჯველაძემ.
პრეზიდენტის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის დარღვევა სამჯერ აღიარა - კობახიძე>>
თამარ ჩუგოშვილი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერია. კოპალეიშვილი სხვადასხვა წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
არ არის გამორიცხული, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადდეს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციო სასამართლოში უპრეცედენტო სხდომა დაიწყო>>
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.