თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, იუწყება „პირველი არხი“.
რაიონში უამინდობის შედეგად დაზიანდა შიდა გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხევში, ჯვარცხმაში, ერკეთში, დიდივანში, გუთურსა და ხიდისთავში წარმოიშვა მეწყერსაშიში ზონები. რამდენიმე ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები.
ტელეკომპანიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
ხელისუფლების წარმომადგენლები, სტიქიის შემსწავლელ კომისიასთან ერთად, სოფლებში იმყოფებოდნენ და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. ამას სპეციალური კომისია დაადგენს.
უამინდობამ პრობლემები ასევე ხელვაჩაურში, შეკვეთილსა და ქობულეთშიც შექმნა.