თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. განახლებული აბასთუმანი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დასრულების შემდეგ სტუმრების მიღებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეძლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ინვესტორებთან შეხვედრაზე.
აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა აბასთუმანში არსებული XIX-XX საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. ასევე შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.
„დღეის მდგომარეობით, მიმდინარე თუ შესრულებული სამუშაოები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ განახლებული აბასთუმანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს", – აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაშია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად აბასთუმანი გახდება უნიკალური კურორტი, რომელიც ათასობით სტუმარს მიიღებს", – განაცხადა დავითაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები. საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ობიექტის 10-მდე ინვესტორმა.
ინვესტორებმა ვიცე-პრემიერს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება. თავის მხრივ, დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო.
მინისტრის თქმით, კურორტის განვითარების მიზნით სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაშია კერძო სექტორთან, რომლებიც ჩართული არიან კურორტის რეაბილიტაციაში. აბასთუმანი სტუმრებს 2025 წლის ზაფხულის სეზონზე უმასპინძლებს.