მსოფლიო დღეს

თურქეთი ერაყსა და სირიაში სამხედრო ოპერაციების გამკაცრებას გეგმავს

Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ანკარაში ტერაქტის მცდელობის შემდეგ თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციები ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში უფრო აქტიურ და მკაცრ ხასიათს მიიღებს, განუცხადა „რია ნოვოსტის“ წყარომ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

„გუშინ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩვენი ბრძოლა ბოლო ტერორისტამდე გაგრძელდება და [ტერაქტების] ეს საცოდავი მცდელობები მათი ბოლო ამოსუნთქვა იქნება. ჩვენი გმირი ჯარისკაცების სამხედრო ოპერაციები უფრო აქტიური და მკაცრი გახდება. თურქეთი არ გახდება ტერორისტების მძევალი“, — აღნიშნა წყარომ.

კვირას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარის ცენტრში, სამინისტროს შენობასთან ტერორისტული თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი: ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, მეორე კი ლიკვიდირებულია. ინციდენტის დროს მსუბუქად დაიჭრა ორი პოლიციელი.
ტელეკომპანია Haber-ის ცნობით, თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო. ამის შემდეგ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო თავდასხმები განახორციელა PKK-ს ბოევიკების ობიექტებზე ჩრდილოეთ ერაყში, რა დროსაც მათი 20 ობიექტი გაანადგურეს.
ქურთისტანის მუშათა პარტიასთან შეიარაღებული კონფლიქტი თურქეთში 1984 წელს დაიწყო და 2015 წელს განახლდა. ჩრდილოეთ ერაყში PKK-ს ბაზებია განთავსებული, რომელთა წინააღმდეგ თურქული არმია საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს აწარმოებს. თურქეთის ჯარების ყოფნა ერაყში უკვე დიდი ხანია, რაც ბაღდადსა და ანკარას შორის დავის საგანია. თურქეთი თავისი ჯარების ყოფნას მოსულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბანაკ ზლიკანში PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით ამართლებს.