მსოფლიო დღეს

„უკანონო ოკუპაცია“ - სირია თურქეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სირია თავის ტერიტორიაზე თურქული ჯარების ყოფნას უკანონო ოკუპაციად მიიჩნევს. თურქეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო კონტინგენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელია, განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბასამ ალ-საბაჰმა.
მისი თქმით, არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუცია, რომელიც სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მოითხოვს. გარდა ამისა, მსგავსი განცხადებები გაკეთდა ასტანის ფორმატშიც, რომლის ნაწილი თურქეთიცაა.

„თურქეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ მათთან სხვა ასპექტები, მაგრამ ისინი არ უნდა მოითხოვდნენ დაჟინებით, რომ [ჯარი] დარჩეს. ეს არის უკანონო ოკუპაცია და ეს დაბლოკავს ნებისმიერი სახის კონტაქტებისა და ურთიერთობების დამყარებას თურქეთთან“, — განაცხადა ალ-საბაჰმა გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულზე ნიუ-იორკში.

მანამდე თურქეთის ეროვნული უშიშროების მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა, რომ თურქეთი ჯარებს სირიიდან მხოლოდ უსაფრთხო გარემოს შექმნის შემდეგ გაიყვანს.
2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო. თურქეთმა, რომელსაც კონფლიქტამდე ახლო ურთიერთობა ჰქონდა დამასკთან, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეებს დაუჭირა მხარი. მას შემდეგ თურქეთ-სირიის ურთიერთობები გამწვავდა. თუმცა, ბოლო დროს ორივე მხარემ დაიწყო საუბარი ეტაპობრივი ნორმალიზების შესაძლებლობაზე. გასული წლის დეკემბერში რუსეთში თურქეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრების პირველი მოლაპარაკებები გაიმართა 11 წლის განმავლობაში. ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ სირიიდან თურქეთის ჯარების გაყვანა აუცილებელი პირობაა დამასკსა და ანკარას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.