მსოფლიო დღეს

ნობელის პრემია მედიცინაში ორ მეცნიერს გადაეცა

Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში წელს უნგრელ ბიოქიმიკოს კატალინ კარიკოსა და ამერიკელ დრიუ ვაისმანს მიენიჭა აღმოჩენებისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტური mRNA ვაქცინების შექმნას დაედო საფუძვლად.

„კატალინ კარიკოსა და დრიუ ვაისმანის აღმოჩენებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტური mRNA ვაქცინების შემუშავებაში პანდემიის დროს, რომელიც 2020 წელს დაიწყო“, — ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტექნოლოგიას ეფუძნებოდა Pfizer-ისა და Moderna-ს ანტოკოვიდური ვაქცინები.
პრემიის თანხა 11 მლნ შვედურ კრონას, ანუ 1 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში 3 ოქტომბერს, ქიმიაში — 4 ოქტომბერს, ლიტერატურაში — 5 ოქტომბერს, ხოლო ეკონომიკაში 9 ოქტომბერს დასახელდებიან. რაც შეეხება ნობელის მშვიდობის პრემიის მომდევნო ლაურეატს, მისი ვინაობა ოსლოში 6 ოქტომბერს გაირკვევა.
ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 1901 წლიდან გაიცემა. 2023 წლამდე ჯილდო 225-მა სწავლულმა მიიღო, რომელთა შორის 12 ქალია. პრიზი 40-ჯერ მიენიჭა ერთ მეცნიერს, 34-ჯერ ორ ლაურეატზე გაიყო, 39-ჯერ კი სამ მეცნიერზე განაწილდა. არსებული წესებით, ნობელის პრემიის სამზე მეტი მეცნიერისთვის ერთდროულად გადაცემა არ დაიშვება.
ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მედიცინაში კანადელი ფრედერიკ ბანტინგია. ის 1923 წელს დააჯილდოვეს, როდესაც 32 წლის იყო. ყველაზე ასაკოვანი ლაურეატი კი 87 წლის პეიტონ როუზი იყო. ის „ონკოგენური ვირუსების აღმოჩენისთვის" დააჯილდოვეს 1966 წელს.