კახეთში მევენახეები ყოველ დაზიანებულ ჰექტარზე 3,5 ათასი ლარის დახმარებას მიიღებენ

2-3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. დაზარალებული მევენახეები ყოველ დაზიანებულ ჰექტარზე 3,5 ათასი ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფო უკვე იბარებს დაზიანებულ ყურძენს, თუმცა, ამის მიუხედავად, გადაწყდა მევენახეებისთვის დახმარების გამოყოფა, რაც მათ დაზიანებული ვენახის გადარჩენასა და აღდგენაში დაეხმარება.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრ მევენახეს დაესეტყვა ვენახი, განადგურდა მათი მოსავალი. დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს, თუმცა რადგან მათ ზიანი მიადგათ, გადავწყვიტეთ დავეხმაროთ დაზარალებულ მევენეხეებს და დაზიანებულ ერთ ჰექტარზე 3,5 ათასი ლარი გამოვყოთ დახმარების სახით", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წელს სეტყვამ და ქარიშხალმა მოსავლის ნაწილი გაანადგურა, მაგრამ სახელმწიფომ დაზიანებული ყურძნის ჩაბარებაც უზრუნველყო, რათა ფერმერებმა დიდი დანაკლისი არ განიცადონ. სახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ყურძენს 0,9 ლარად იბარებს.
დაზიანებული ყურძენი
2-3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. სულ დაისეტყვა 3,5 ათასი ჰექტარი.
ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს: თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია).
ღარიბაშვილი: სახელმწიფო მევენახეებს მაქსიმალურად ეხმარება და მომავალშიც დაეხმარება>>
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.