თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი პოლტიკური პროცესია და მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, განაცხადა ქვეყნის ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ჩატარებული პრეზიდენტის ვიზიტები ევროპაში სახელმწიფო ლიდერებთან შეხვედრების მიზნით, რისი მიზანიც, პრეზიდენტის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღებაში საქართველოს დახმარება იყო.
„იმპიჩმენტი ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს... სახალხო დამცველმა შეიძლება სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინოს“, – განუცხადა იოსელიანმა ჟურნალისტებს.
ომბუდსმენის თქმით, ცალკე საკითხია ის, თუ რამდენად ჯდება იმპიჩმენტი უფლებების ჩამონათვალში, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში – ადამიანის ძირითადი უფლებები.
„თუ ამ პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვმართავს... განვიხილავთ ამ განცხადებას. განვიხილავთ არის თუ არა კავშირში ის კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ უფლებებთან და თუ ამ კავშირს დავინახავთ, რა თქმა უნდა, მოსაზრებას წარვადგენთ. თუ ამ კავშირს ვერ დავინახავთ, ასეთი მოსაზრება წარდგენილი არ იქნება“, – განაცხადა იოსელიანმა.
საკითხის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს იმპიჩმენტის შესახებ ზეპირ მოსმენებზე გაიმართება, სადაც მხარეებად მონაწილეობას მიიღებენ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი.
იმპიჩმენტის პროცედურა
„ქართულმა ოცნებამ" 12 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში "იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.