თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა (პარლამენტმა) განსახილველად გამოიტანა „აზერბაიჯანის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Trend.
შეთანხმებას 2023 წლის 24 აპრილს ბაქოში მოეწერა ხელი. ის შედგება პრეამბულისა და 13 მუხლისგან.
შეთანხმების მიზანია მხარეებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და მისი განმტკიცება, ასევე პრაქტიკული საქმიანობის უზრუნველყოფა მხარეების მიერ მიღებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამების რეალიზაციის კუთხით.
შეთანხმების მეორე მუხლის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ, განავითარონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო განათლება, ტრენინგები და სწავლება, თავდაცვის პოლიტიკა და უშიშროება, სამშვიდობო და ჰუმანიტარული ოპერაციები, თანამშრომლობა ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში, კონტროლი იარაღზე და განიარაღებაზე, სამხედრო კანონმდებლობა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობა, კიბერუსაფრთხოება თავდაცვის სფეროში, თანამშრომლობა კარტოგრაფიის სფეროში, სამხედრო-სამედიცინო სამსახურების, სოციალური, სპორტული და კულტურული ღონისძიებების და სხვა სფეროებში, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებს წარმოადგენს.
მესამე მუხლის შესაბამისად, თანამშრომლობა მხარეებს შორის უზრუნველყოფილია ოფიციალური ვიზიტებისა და სამუშაო შეხვედრების, ორმხრივი მოლაპარაკებების, კონსულტაციების, გამოცდილების გაცვლის მეშვეობით, ტრენინგებსა და სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობით, ორივე მხარისთვის საინტერესო ინფორმაციების გაცვლით, კონფერენციებსა და სემინარებში, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობით და ერთობლივი მუშაობის სხვა ფორმებით.
შეთანხმების რეალიზაციისთვის უფლებამოსილ ორგანოებად წარმოდგენილია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მხარეებს შორის კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლა და ურთიერთდაცვა შეთანხმების შესრულებისთვის ხორციელდება ორი ქვეყნის მთავრობებს შორის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესახებ 2011 წლის 26 ოქტომბრის შეთანხმების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება 14 ივნისს მოახდინა.