თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. 103 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები ლიდერობენ მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებზე გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, ასევე გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებზე, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“) და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა (მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება“) თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.
„მმართველი პარტიის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გიორგი სოსიაშვილმა მიიღო 19.032 ხმა, რაც 93,4 პროცენტია. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ მიიღო 1.344 ხმა, რაც მონაწილეთა რაოდენობის 6,59%-ს შეადგენს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე.
გურჯაანში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა ერთადერთმა კანდიდატმა გიორგი მაჭარაშვილმა 14,450 ხმა მიიღო.
„ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში, საზოგადოებას უკვე გავაცნოთ წინასწარი შედეგები იმ 103 საარჩევნო უბნის მონაცემების საფუძველზე, სადაც კენჭისყრა ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკომ 133 საარჩევნო უბნის ბიულეტენები უნდა დათვალოს.
ცესკოს ინფორმაციით, საქართველოში შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა, საარჩევნო უბნებზე მივიდა 43.330 ადამიანი - ეს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 23,51%-ია, მათ შორის გორსა და კასპში არჩევნებზე მოვიდა 25.627, გურჯაანში კი – 17.703 ამომრჩეველი.
აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები დამატებით ხელით გადაითვლიან შედეგებს, რაც, კალანდარიშვილის თალსაზრისით, სანდოობის მნიშვნელოვანი მექანიზმია, ამის შემდეგ კი შედგება შემაჯამებელი ოქმები.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, დღევანდელმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე სხვა ჩართული მხარეების, ამომრჩევლებისა და საზოგადოების მზადყოფნა ელექტრონული არჩევნებისთვის უზრუნველყოფილია.
არჩევნები ახლებურად
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.