თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შემდეგ ხელისუფლებამ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა და დეოლიგარქიზაციის საკითხზე სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, ახლა მთავრობა ევროკავშირისგან საპასუხო ნაბიჯებს ელოდება, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„ივნისის შემდეგ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, შემუშავდა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რამდენიმე ცვლილების პაკეტი და გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. ეს ყველაფერი ევროკავშირის სტრუქტურებთან დისკუსიებზე დაყრდნობით და მათი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით. იმედი გვაქვს, რომ ამ ნაბიჯებს მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები და გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სპიკერის თქმით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი გასული წლის ივნისში დაიმსახურა, ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია შედარებითი დამოკიდებულება.
„საქართველოს ივნისის მდგომარეობით თუ შევადარებდით უკრაინასა და მოლდოვას, ან შევადარებთ თუნდაც ახლა ინსტიტუციურ და სამართლებრივ დაახლოებას ევროკავშირთან უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, შარშანაც და დღესაც საქართველო არის ლიდერი სამეულში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს უპირატესობა ევროკომისიამაც აღიარა იმ დასკვნის გამოქვეყნებით, რომელიც სამი ქვეყნის ინსტიტუციურ დაახლოებას ეხებოდა. რაც შეეხება საქართველოსთვის გადაცემულ რეკომენდაციებს, ივნისის მდგომარეობით სამი რეკომენდაცია სრულად შესრულებული და ჩახურულია, აღნიშნა სპიკერმა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნები ახლა უფრო ხმამაღალი იქნებიან თავის მხარდაჭერაში და არ მისცემენ საშუალებას არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომ კიდევ ერთხელ განმეორდეს საქართველოს მიმართ უსამართლობა, რაც შარშან მოხდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯერზე ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერები. მათ შორის, შარშანდელი მწარე გამოცდილების შემდეგ, როდესაც ყველამ გააცნობიერა, რომ უსამართლოდ დაიჩაგრა საქართველო. ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნები ახლა უფრო ხმამაღალი იქნებიან მხარდაჭერაში და არ მისცემენ საშუალებას არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომ კიდევ ერთხელ განმეორდეს საქართველოს მიმართ უსამართლობა, რაც შარშან მოხდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.