თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქართული რაგბი სწორად ვითარდება და ძალიან ახლოს არის იმ ბალანსთან, რაც შერკინებასა და ხაზს შორის თამაშის დროს არის, განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ვასილ ლობჟანიძემ პარიზში მსოფლიო თასზე ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე მესამე მატჩში ფიჯის შეხვდა და, თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, ანგარიშით 12:17 დამარცხდა.
„ამ თამაშებმა დაგვანახა, რომ ქართული რაგბი სწორად ვითარდება, ძალიან ახლოს ვართ იმ ბალანსთან, რაც შერკინებასა და ხაზს შორის თამაშის დროს არის“, - განაცხადა ლობჟანიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, მთლიანობაში ფიჯის წინააღმდეგ თამაში დადებითად შეიძლება შეფასდეს.
„მიუხედავად ანგარიშისა, თამაშს დადებითად შევაფასებ. კმაყოფილი ვარ თითოეული მორაგბის თავდადებით. იმედია, გულშემატკივარმა დაინახა, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, მათთვის მიცემული პირობა შევასრულეთ“, - განაცხადა ლობჟანიძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემპიონატების წინ ტესტ-მატჩების ჩატარება ძლიერ მეტოქესთან, რათა ნათლად გამოჩნდეს ნაკლოვანებები.
„რა თქმა უნდა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატამდე ტიერ 1-ის გუნდს ეთამაშები, უფრო ნათლად ჩანს ნაკლოვანებები, ხედავ, რა დონეზე ხარ. ფიჯისგან განსხვავებით, ამის შესაძლებლობა ჩვენ ნაკლებად გვქონდა“, - დაასკვნა ლობჟანიძემ.
С ჯგუფის ლიდერად რჩება უელსის ნაკრები (14 ქულით). ფიჯის აქვს 10 ქულა და მეორე პოზიციაზეა. შემდეგ მოდის ავსტრალია (6 ქულა), საქართველო (3 ქულა) და პორტუგალია (2 ქულა).