გორში შვილმა მამა მოკლა

რა გახდა მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 67 წლის მამას სანადირო თოფით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე დამარხა. მოგვიანებით კი მამის დაკარგვის შესახებ პოლიციაში თავად განაცხადა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.