რატომ შეჩერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოში? დეპუტატის განმარტება
16:42, 28 სექტემბერი 2023
Sputnikთბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება შეაჩეროს საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამა, დაკავშირებულია ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნასთან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
2023 წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მანამდე განაცხადა, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება პროგრამის დროებით შეჩერების შესახებ 3-4 თვის წინ იქნა მიღებული და მაშინდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა... შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სისტემურად სწორად მოგვეყვანა ჩარჩოში ყველაფერი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შემოგვეღო", – განაცხადა მდინარაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევა მოუწია, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
მდინარაძის თქმით, პროგრამის შეჩერების საკითხი, რომელიც არახალია, ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ" მორიგ ჯერზე წამოსწია.
„ნაცებს" ხომ სჩვევიათ, თავის დროზე სამჯერ და ოთხჯერ რომ ხსნიდნენ შენობებს ყველა მხრიდან, ზაფხულშიც წამოწიეს ეს თემა, და ახლა ხელახლა. ისე წერდნენ „ფეისბუქში", თითქოს ორი დღის ამბავი იყო, არადა რამდენიმე თვის ამბავია. ანუ, ორჯერ გაპიარებული თემა მესამედ ისევ ნეგატიურ კონტექსტში გააპიარეს", – განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილება ერთ დროს რომ არ ყოფილიყო მიღებული, მარეგულირებლის ირგვლივ ბოლო სკანდალის გათვალისწინებით, შედეგები დამღუპველი იქნებოდა.
„რიტორიკულ კითხვას დავსვამ: ჩვენ რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო, ხომ შევხედეთ, ერთ დღეს ვიღაცამ გადაწყვიტა და სამივე ვიცე-პრეზიდენტმა ერთ დღეს, ორი საათის ინტერვალით დაწერა განცხადება. ჩამოშლილი იყო თუ არა ეროვნული ბანკი, რომ არა იმ დროს ის გადაწყვეტილება?!" – განაცხადა მდინარაძემ.
მიმდინარე წლის 20 სექტემბერს რეგულატორის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, ასევე პრეზიდენტის მრჩეველმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც გააუქმა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ თავისივე გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გაზაფხულზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში და ქვეყანა დადებითი შთაბეჭდილებებით დატოვეს, თან გაკვირვება გამოხატეს, თუ რამდენად წესრიგში იყო ქვეყნის ყველა ეკონომიკური პარამეტრი.
„ისინი გაკვირვებას გამოთქვამდნენ – როგორ შეძლო ამ პატარა ქვეყანამ პანდემიის შემდეგ ერთ წელიწადში დაბრუნებოდა ყველა ისეთ ნიშნულს, რაც შემდეგ მყარ გარანტიებს იძლევა ფინანსური სიმყარის, სისტემის მდგრადობის და ა.შ. კუთხით. ყველა პარამეტრი იყო მწყობრში. ანთების შემდეგ რომ ძალიან სწორად იმკურნალებ და მალე ყველა ანალიზი ნორმაშია, დაახლოებით ასეთია მოცემულობა", – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკსა და სსფ-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მოლოდინები პოზიტიურია, „თუმცა, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“.
როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან ურთიერთობა, ისევე, როგორც თავად ფონდისთვისაა მნიშვნელოვანი – იყოს წარმოდგენილი საქართველოში, როგორც ყველა ქვეყანაში და დახმარება გაუწიოს ამ ქვეყნებს.
„აქ არ არის კონკრეტულ თანხებზე საუბარი, პროგრამა მოიცავს უამრავ დეტალს. ერთ-ერთ კომპონენტში 280 მილიონზეა საუბარი იმ შემთხვევაში, თუ რეზერვი შემცირდება. ჩვენ მილიარდ დოლარზე მეტით გავზარდეთ რეზერვი ბოლო პერიოდში, ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს. მაგრამ „ამიტომ სავალუტო ფონდის პროგრამა არ გვინდა“, ამას ხომ არ ვიძახით, პირიქით, ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და წლის ბოლომდე ვფიქრობთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს აღდგება", – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდი აფინანსებდა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას, თუმცა საქართველოს მთავარ საფინანსო ინსტიტუტს თანხა რამდენიმე წლის განმავლობაში არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
ეროვნული ბანკის ახალი თანამდებობა
მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალ თანამდებობას ითვალისწინებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც პარლამენტმა 2023 წლის ივნისში პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. ამ შემთხვევაში ეს არის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა. ეროვნული ბანკის ბოლო პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის მარტში ამოეწურა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის აზრით, ცვლილებები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი იყო და თებერვალში კანონპროექტს ვეტო დაადო.
13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით დაძლია პრეზიდენტის ვეტო და მიიღო ცვლილებები კანონში „ეროვნული ბანკის შესახებ“, რომლებიც ეროვნული ბანკის საბჭოში სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს.
საკამათო ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე.
ვეტოს დაძლევას მწვავე დებატები მოჰყვა. ოპოზიციამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც ვეტოს უფლება საბჭოში ძალთა ბალანსის დარღვევის გამო გამოიყენა.
მსოფლიო ბანკიც და საერთაშორისო სავალუტო ფონდიც საუბრობდნენ ძალთა ბალანსის დარღვევის საფრთხის შესახებ, მათ აღნიშნეს, რომ ამგვარი დარღვევა შეიძლება უარყოფითად აისახოს ეროვნული ბანკის რეპუტაციაზე და მის დამოუკიდებლობაზე.
თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ცვლილებების მიღებით სწრაფად გადაწყდება ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის საკითხი, რადგან საბჭოს არ დასჭირდება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელ ვიცე-პრეზიდენტს დაეკისროს უფლებამოსილების შესრულება.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.