რა ელოდება ლარს? ეკონომისტის პროგნოზი

ექსპერტმა ჩამოთვალა რიგი ფაქტორები, რომელთა მიხედვით ლარის კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებს.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტა სტაბილურობას არსებულ დონეზე წლის ბოლომდე შეინარჩუნებს, განაცხადა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გაუქმების ფონზე ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან წასვლით გამოწვეულმა სკანდალმა ქართულ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია – მოსახლეობაში გაჩნდა ლარის გაუფასურებისა და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლის შიში. ოპოზიციის ნაწილმა დევალვაციის შესახებ შეშფოთება გამოთქვა, როგორც ეს 1990-იანი წლების დასაწყისში იყო, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო. ამ ნეგატიურმა განწყობებმა გასულ კვირაში ლარის 1,6%-ით გაუფასურება გამოიწვია. ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონებზე დოლარის გაყიდვა მოუწია.

„ეროვნულმა ბანკმა 20 სექტემბრიდან სამი აუქციონი ჩაატარა. გუშინდელი ინტერვენციის დროს დავინახეთ, რომ დაბალი ათვისებაა, ანუ ლიკვიდობა უკვე მაღალია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის განმავლობაში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს იმ დონეზე, რა დონეზეც ახლაა“, – განაცხადა ქავთარაძემ.

მისი თქმით, ლარის კურსი ინფლაციის ფორმირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თვითონ კურსზე ფუნდამენტური და დაუკვირვებადი ფაქტორები მოქმედებს, ანუ ეს არის ფაქტორები, რომელთა აღრიცხვა არ შეიძლება, აღნიშნა მან.
როგორც ეკონომისტმა განმარტა, ეროვნული ბანკის მიმართ ამჟამინდელმა განწყობებმა კურსზე იმოქმედა, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ფუნდამენტური ფაქტორების დონე, რაც არის ქვეყანაში.

„ვფიქრობთ, იმდენად ძლიერია ფუნდამენტური ფაქტორები, ეს უარყოფითი სენტიმენტები, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს, შესაძლოა მოკლევადიანი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ქავთარაძემ.

მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები გაზრდილია, ხოლო მათი გამოყენება მოკლევადიანი განწყობების ჩასაქრობად, შესაძლოა, გამართლებული იყოს.

„თუმცა, თუ დავინახავთ, რომ ამას პერმანენტული ხასიათი მიეცა და ლარის კურსი ერთ დღეს გამყარდება, მეორე დღეს გაუფასურდება და ასეთ ხასიათს მიიღებს, მაშინ რეზერვების ხარჯვა არამიზანშეწონილი იქნება“, – განაცხადა ქავთარაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორშაბათს, 25 სექტემბერს ბოლო ათ დღეში მესამე სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 7,6 მლნ აშშ დოლარი გაყიდა (გატანილი იყო 30 მლნ დოლარი). რეგულატორმა სულ სამ აუქციონზე 64,7 მლნ დოლარი გაყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს>>
ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 27 სექტემბერს 2,6732 GEL/$1 შეადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.