მსოფლიო დღეს

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს: ბრძანებულება ხელმოწერილია

Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას 2024 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს – შესაბამის ბრძანებულებას უკვე მოაწერა ხელი არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა, იუწყება ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი.

„მიღებულია გადაწყვეტილება: დათხოვნილ იქნას ყველა სახელმწიფო დაწესებულება და მათ უწყებრივ დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები 2024 წლის 1 იანვრამდე, და მთიანი ყარაბაღის (არცახი) რესპუბლიკა შეწყვეტს არსებობას“, — ნათქვამია ბრძანებულებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს კეთდება ყარაბაღის მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანთან რუსი სამშვიდობოების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით.
ამის შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის ყველა მცხოვრებისთვის, მათ შორის იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებმაც იარაღი დაყარეს, უზრუნველყოფილია ლაჩინის დერეფნით თავისუფალი, ნებაყოფლობითი და შეუფერხებელი გავლა.
მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, მათ შორის მის საზღვრებს გარეთ მყოფებს, აზერბაიჯანის მიერ შემუშავებული რეინტეგრაციის პირობების გაცნობას სთავაზობენ, რათა მომავალში დამოუკიდებლად გადაწყვიტონ რეგიონში დარჩენის საკითხი.
ბრძანებულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით. ერევანმა მომხდარი აგრესიად შეაფასა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყარაბაღში სომხური შენაერთები არ იდგნენ.
20 სექტემბერს ბაქომ და სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ზავის ერთ-ერთი პირობა იყო სომხური ძალების განიარაღება და ყარაბაღიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა. 21 სექტემბერს აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში ყარაბაღელი სომხებისა და აზერბაიჯანის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. მეორე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის შეიარაღებულმა ფორმირებებმა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემა დაიწყეს რუსი სამშვიდობოების კონტროლქვეშ.
დღევანდელი დილის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღი უკვე დატოვა 65 ათასზე მეტმა ადამიანმა.