გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი - კვარაცხელიას მორიგი წარმატება

„ნაპოლი“ 11 ქულით მეხუთე ადგილზეა, 30 სექტემბერს ის „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის” ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია, რომელიც 6 თვესა და 9 დღეს გაგრძელდა, საბოლოოდ დასრულდა – გარემარბმა „უდინეზეს“ კარში გოლიც გაიტანა და ლამაზი საგოლე გადაცემაც გააკეთა.
კვარაცხელიას ნახევარი წლის მანძილზე გოლი არ ჰქონდა გატანილი, ბოლო გოლი ფეხბურთელმა 19 მარტს იტალიის ჩემპიონატში „ტორინოს“ კარში გაიტანა. სკეპტიკოსებმა ფეხბურთელის კარიერაში არსებულ კრიზისზე დაიწყეს საუბარი.
მაგრამ გუშინ კვარაცხელია „უდინეზესთან“ მატჩში ისეთი მონდომებით თამაშობდა, რომ აშკარა იყო, იგი მოედნის უგოლოდ დატოვებას არ აპირებდა. ქართველმა თავდამსხმელმა „ნაპოლის“ მოგებაში მთავარი როლი ითამაშა – გოლის გარდა, კლუბისთვის პენალტიც მოიპოვა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
„ნაპოლიმ“ მეტოქე პიოტრ ზელინსკის, ვიქტორ ოსიმენის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი სიმეონეს გოლებით – 4:1 დაამარცხა.
მეექვსე ტურის მატჩის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 11 ქულით მეხუთე ადგილზეა. რუდი გარსიას გუნდი შემდეგ მატჩს 30 სექტემბერს „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.