ბრუნო მარსის კონცერტის ღამეს ავტობუსები ღამის 02:00 საათამდე იმოძრავებენ

ცნობილი ამერიკელი მომღერლის კონცერტი „დინამო არენაზე" გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავის ბრუნო მარსის კონცერტისა და „თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში 1 ოქტომბერს საქალაქო ავტობუსები გახანგრძლივებული დროით – 02:00 საათამდე იმოძრავებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მომღერალი კონცერტს 1 ოქტომბერს ეროვნულ სტადიონზე – „დინამო არენაზე" გამართავს სამთავრობო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში. ამ დღეს ემთხვევა „თბილისობის" დღესასწაულიც, რომლის ღონისძიებები გვიან ღამემდე გრძელდება.

„სასიხარულოა, რომ ეს მოვლენა ემთხვევა „თბილისობის" დღესასწაულს. როგორც Starring Georgia-ს წინა კონცერტზე, ახლაც მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივდეს კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობა კონცერტის ღამეს ღამის 2 საათამდე", – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, 1 ოქტომბრის ღამეს გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ N306, N308, N311, N315, N320, N327, N381, N386 და N 384 ავტობუსები.
Starring Georgia მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. ორწლიანი კამპანიის მთავარი მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერება.
ბრუნო მარსი, რომელიც არის გრემის 15 პრემიის, ოთხი Brit Awards-ის, გინესის ოთხი რეკორდის და მრავალრიცხოვანი მუსიკალური პრემიების მფლობელი, თანამედროვე შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.
მარსმა გაყიდა 130 მილიონზე მეტი ფირფიტა მთელ მსოფლიოში. გამოუშვა შვიდი სინგლი ნომერი ერთი Billboard Hot 100-ზე კარიერის დაწყებიდან (2010 წელი) და პირველ ხუთეულს ყველაზე სწრაფად მიაღწია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა შემსრულებელმა მამაკაცმა ელვის პრესლის შემდეგ.
მასშტაბური ფესტივალების, გასტროლებისა და ცალკეული ჰიტების წყალობით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემსრულებლად რჩება.