თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) აწარმოებენ კონსულტაციებს, რათა გაირკვეს გადადებული მეორე მიმოხილვის საკითხი სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
„მათ (სსფ-ს) არავითარი შენიშვნა არ ჰქონიათ ეროვნულ ბანკთან მათი საქმიანობის კუთხით. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები ეროვნულ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის, რათა ყველაფერი გაირკვეს, რომ შემდეგ პროგრამა დამტკიცდეს“, – განაცხადა კვიჟინაძემ.
პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ სავალუტო ფონდიდან საქართველოს რამდენიმე წელია თანხები არ მიუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.
„რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ რაღაც თანხები დაიკარგა, მინდა გითხრათ, რომ სავალუტო ფონდიდან ჩვენ რამდენიმე წელია თანხები არ აგვიღია, არ გვჭირდება და იმიტომ, და, ზოგადად, სავალუტო ფონდი, როდესაც ადრე აფინანსებდა, აფინანსებდა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას", – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.