თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. კანადის ხელისუფლების დამოკიდებულება ნაცისტებისადმი აუცილებლად იმოქმედებს მოსკოვსა და ოტავას შორის ურთიერთობაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
„ნაცისტებთან ფლირტი და ოტავის სისტემატური მტრული გამოხდომები შედეგების გარეშე არ ჩაივლის. საქმე პროტესტებით არ შემოიფარგლება. ეს ყველაფერი გარდაუვლად აისახება რუსეთ-კანადის ურთიერთობებზე“, — აღნიშნა მან.
ზახაროვას თქმით, ამ დროისათვის მოსკოვისა და ოტავის ურთიერთობები ისედაც ღრმა კრიზისშია კანადის ხელისუფლების პოზიციის გამო.
„კანადას ჩვენ უკიდურესად არამეგობრულ ქვეყნად მივიჩნევთ, რომლის ხელისუფლებამაც სახელი ნაციზმის წაქეზებით შეილახა. ჩვენს პოლიტიკას შესაბამისად ავაგებთ“, — განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
ჰუნკას ინციდენტი
22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტის თემთა პალატაში გამოვიდა სიტყვით, რის შემდეგაც სპიკერმა ენტონი როტამ დარბაზში მყოფ 98 წლის იაროსლავ ჰუნკას (უკრაინულად იაროსლავ გუნკო) მიმართა და მას უკრაინისა და კანადის გმირი უწოდა. როტამ მადლობა გადაუხადა მას სამსახურისთვის, ხოლო დამსწრეებმა ფეხზე ადგომით გაუმართეს ოვაციები.
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ გუნკო ვაფენ SS-ის გრენადერთა დივიზია „გალიჩინაში" მსახურობდა. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა.
როგორც ენტონი როტამ განაცხადა, ჰუნკა პარლამენტში მან მიიწვია. ამასთან სპიკერმა განმარტა, რომ „დამატებითი ინფორმაცია“ ჰუნკას შესახებ მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.