თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. რექტორის არჩევნების პროცედურა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით გაუქმებულია.
წულუკიანმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ თბილისის კონსერვატორიაში რეფორმებია გასატარებელი, რათა სტუდენტებმა უფრო ხარისხიანი განათლება მიიღონ. წულუკიანის აზრით, სწავლებაში ხარვეზებია არა აკადემიური პერსონალის, არამედ სასწავლებლის ხელმძღვანელობის გამო. მინისტრი დარწმუნებულია, რომ რექტორის არჩევნების პროცესი არსებითი სამართლებრივი დარღვევებით ჩატარდა.
„სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რისთვისაც ვადად განისაზღვრა ხუთი სამუშაო დღე", – აღნიშნეს სამინისტროში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი რექტორის ნანა შარიქაძის უფლებამოსილების ვადა არ იწურება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა.
კონსერვატორიის რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული. რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. უფრო ადრე კონსერვატორიის წარმომადგენლები რეფორმებსა და საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდას მოითხოვდნენ.
არჩევნების პროცედურის შეცვლის გადაწყვეტილებამ კონსერვატორიის სტუდენტების, ასევე ქართული ესტრადის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია. უკმაყოფილო ადამიანებმა კონსერვატორიის შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მათ შორის, ვინც აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას, რათა „ეზრუნათ კონსერვატორიის დამოუკიდებლობისთვის", იყვნენ ცნობილი პიანისტები გიორგი გიგაშვილი და ირმა გიგანი.