მსოფლიო დღეს

გარკვეული პირობებით: უეფამ რუსი იუნიორები საერთაშორისო შეჯიბრებაზე დაუშვა

Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის იუნიორთა ნაკრებებს, რომლებიც 17 წლამდე ასაკის სპორტსმენებისგან იქნება შემდგარი, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მისცა — ქვეყნის დროშის, ჰიმნისა და ეროვნული სათამაშო ფორმის გამოყენების გარეშე.
უეფაში აზუსტებენ, რომ საფეხბურთო მატჩები რუსი ახალგაზრდა სპორტსმენების მონაწილეობით რუსეთის ტერიტორიაზე არ გაიმართება.
ამასთან აღინიშნება, რომ დანარჩენი რუსული საფეხბურთო გუნდების — როგორც ნაკრებების, ისე კლუბების დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება.
უეფას ამ გადაწყვეტილების პასუხად ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ განაცხადა, რომ მისი იუნიორთა ნაკრებები უარს იტყვიან რუს თანატოლებთან თამაშზე.
რუსი სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებს უკრაინის მოვლენების გამო ჩამოაშორეს. კერძოდ, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) და უეფამ 2022 წლის თებერვალში გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთის საფეხბურთო გუნდებს — კლუბებსა და ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებათ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებამდე.
მიმდინარე წლის მარტში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის ღონისძიებებში რუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების რეკომენდაცია გასცა, თუ ისინი უკრაინასთან კონფლიქტს არ დაუჭერდნენ მხარს და ამასთან არმიასთან კავშირი არ ექნებოდათ. ამ გადაწყვეტილებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორ უკრაინაში, ისე სხვა ქვეყნებში. 30-ზე მეტმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ რუს სპორტსმენებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეთ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.