მიმდინარეობს თბილისი-თიანეთის გზის რემონტი

გზის სარემონტო სამუშაოები იწყება თბილისში, შემდეგ გაივლის მამკოდისა და ცხვარიჭამიას ტერიტორიებს.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (გლდანი)–თიანეთის საავტომობილო გზის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის რემონტი სახელმწიფო ბიუჯეტს 25 მილიონი ლარი დაუჯდება, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია უტარდება სამ ხიდს. მოეწყობა საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების მოწყობა.
თბილისი-თიანეთის გზა
სარეაბილიტაციო მონაკვეთი თბილისში იწყება, შემდეგ გაივლის სოფელ მამკოდისა და ცხვარიჭამიას ტერიტორიებს.
სამუშაოების დასრულება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. გზის რეაბილიტაციის შემდეგ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება მეტად კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო.