„საქართველოსთვის მშვიდობას დიდი მნიშვნელობა აქვს“ - პრემიერ-მინისტრი

საქართველო აცნობიერებს კონფლიქტის მაღალ ფასს, აღნიშნა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. მშვიდობას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში სიტუაციის მონიტორინგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ახორციელებს. მისიის მთავარი ამოცანებია – კონფლიქტის შესაძლო განმეორების აღკვეთა, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური ცხოვრების აღდგენა.

„მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს სერიოზული შედეგები მოჰყვა, მაგრამ 2012 წლიდან მთავრობამ წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს.
პრემიერმა სახელმწიფო მინისტრთან ერთად კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემა განიხილა >>
პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა მოუთმენლად ელოდება იმ დღეს, როცა მშვიდობა დაისადგურებს.
EUMM — ესაა დამკვირვებლების სამოქალაქო შეუიარაღებელი მისია, რომელიც კონფლიქტის ზონებში ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის პროცესებს უჭერს მხარს საქართველოსა და რუსეთს შორის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში მოეწერა ხელი.